საქართველოს ხელისუფლება დღევანდელი გადაწყვეტილებით იქცა საერთაშორისო დონის უფლებადამრღვევად

საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ ლტოლვითა და განსახლების სამინისტორს დღევანდელი გადაწყვეტილება მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით არის სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება და ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ როგორ გადაიქცა საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დონის უფლებადამრღვევად“, - განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა ლევან სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ლევან სამუშიას განმარტებით საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით ნელ-ნელა გვაშორებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, იმ ღირებულებებს, რომლებისკენაც მივისწრაფვოდით და მივისწრაფვით: ,, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას არ მოახდინოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საბოლოო ექსტრადირება, არ ჩაიდინოს ამგვარი სამარცხვინო ქმედება, რითაც კიდევ ერთხელ დააზარალებს საერთაშორისო დონეზე ,,ქართული ოცნების“ მიერ ჩვენს ისედაც შელახულ იმიჯს. ძალიან მალე ჩვენ გავხდებით მიუღებელი და უფრო არასანდრო პარტნიორები. მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან ერთად გვაქვს მუხთარლის საქმე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს საქართველოს ხელისუფლებას“, - აცხადებს ლევან სამუშია.
,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და ამის მტკიცებულებები პროკურატურას აქვს. ,,გაუგონარია, რომ სწორედ ამ ადამიანებს ხელისუფლება არ აძლევს ლტოლვილის სტატუსს, და გვეუბნება, რომ თურქეთის ციხეებში თურმე იდეალურად არის საქმე, თურმე ეტაპობრივად ვითარდება თურქული მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები თურქეთში. თურქეთი საერთაშორისო დონის უფლებადამრღვევად არის ქცეული და ჩვენც მათ რიგებში ვეწერებით. მოვუწოდებ ხელისუფლებას შეცვალოს ეს უღირსი გადაწყვეტილება და საბოლოოდ არ მოახდინოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
მისივე განმარტებით: ,,დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, ირიბად აღიარა ის, რასაც არ აღიარებს დასავლური სამყარო, რომ ფეტო და ფეთულა გიულენი არიან ტერორისტული ორგანიზაციები, რასაც არ აღიარებს გერმანია, საფრანგეთი და რასაც არ აღიარებს ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატები. გარკვეულწილად ირიბად, სოზარ სუბარის უწყებამ და ქართულმა ხელისუფლებამ ეს უკვე აღიარა. საქართველოს ხელისუფლება დღევანდელი გადაწყვეტილებით იქცა საერთაშორისო დონის უფლებადამრღვევად“, განაცხადა ლევან სამუშიამ.