თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების სარჩელის განხილვა

საარჩევნო ბლოკ "თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების" წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით მოსახლეობაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. კონკრეტულად კი, საუბარია სოციალურ რეკლამაზე, რომელიც მაუწყებლის 1-ლი არხის ეთერში გადის.
რეკლამა საკონსტიტუციო რეფორმას ეხება. კლიპში ამბობენ, რომ საქართველო, საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტოზე გადადის, ევროპული საპარლამენტო მმართველობა კი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს გულისხმობს. რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ რეკლამა არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის სტატუსს და მისი მიზანი მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების სასარგებლოდ ცალმხრივი და მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებაა.
რესპუბლიკელებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართეს. ისინი ითხოვენ, მიეცეს გაფრთხილება საზოგადოებრივ მაუწყებელს და დაევალოს შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამის ეთერში გაშვება.